დავით ბაქრაძე: ჩვენი ამოცანაა, ქართველმა ხალხმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ვიზალიბერალიზაცია
„ჩვენი ამოცანაა, ქართველმა ხალხმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ვიზალიბერალიზაცია“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროკომისართან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ქართველმა ხალხმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. თუმცა, ბაქრაძე განმარტავს, რომ რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს ეს, ამის თქმა დღეს რთულია.
“ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა რამდენად სწრაფად, ამის თქმა დღეს რთულია და ამას ვერც კომისარი გვეტყოდა, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია ევროკავშირის საბჭოში და ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესებზე.
თუმცა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად წავიდეს. ჩვენი ამოცანაა, ქართველმა ხალხმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ვიზალიბერალიზაცია და ერთადერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ გზაზე გაჩნდეს გადაწყვეტილების მიღებამდე, გახლავთ ხელისუფლების მოქმედებები. ჩვენი ამოცანა გასაგებია, ევროკომისარი ძალიან დიდი მეგობარია საქართველოსი და მისი სურვილია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია და ყველაფერი დამოკიდებულია ახლა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებზე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.