„ვფიქრობ, ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს წინადადებას ვიზალიბერალიზაციაზე“
მე ველოდები იმ მომენტს, როცა საქართველოს მოქალაქეები შენგენის ტერიტორიაზე დაიწყებენ უვიზოდ მოგზაურობას, – ამის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ევროკომისარის თქმით, ევროპარლამენტი მალე მხარს დაუჭერს წინადადებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
“როგორც კი გადაწყვეტილება იქნება დამტკიცებული, საქართველოს მოქალაქეები ივლიან ბიომეტრული პასპორტებით, მათ აღარ ექნებათ საჭიროება წარმოადგინონ ვიზა. მოქალაქეები შეძლებენ 90 დღის განმავლობაში ტურისტული, ბიზნეს ან საოჯახო საქმეებზე მოგზაურობას. ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ იძლევა ევროკავშირში დასაქმების უფლებას და ვიზალიბერალიზაციის წესებით შესაბამისი სარგებლობა ძალზე აუცილებელია. მე ვიცი, რომ მთავრობამ აღნიშნულ საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირება დაიწყო. მე ველოდები იმ მომენტს, როცა საქართველოს მოქალაქეები შენგენის ტერიტორიაზე დაიწყებენ უვიზოდ მოგზაურობას ისევე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეები 2006 წლის 1 ივნისიდან. ეს იქნება საქართველოს დამსახურებული მიღწევა”, – განაცხადა ავრამოპოლუსმა.
მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას იმ ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა თვეებში და იმედი მაქვს, კიდევ დავბრუნდები თქვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ევროკომისარმა.