დავით ზურაბიშვილი: სამწუხაროა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ერთ კონცენტრირებულ ერთობად ვერ ჩამოყალიბდა
სამწუხაროა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა ერთ კონცენტრირებულ ღირებულებათა ერთობად, – განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დღეს მან „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციიდან გასვლაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მათთვის პარტიის სხვა წევრებისგან ხშირად მიუღებელი იყო ის განცხადებები, რომლებიც ხელისუფლების სახელით კეთდებოდა.
„იყო მოსაზრება, რომ მიდიოდა რაღაც პოლიტიკური ვაჭრობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არანაირი პოლიტიკური ვაჭრობა აქ არ ყოფილა და ვერც იქნებოდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს კოალიციის შიგნით საკითხების პრინციპულად დასმა. ეს ჯერ კიდევ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყო. გახსოვთ ის ღია წერილი, ალბათ, რომელიც გამოაქვეყნა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ .
მოვიდა დრო, როდესაც კოალიციაში უნდა დაიწყოს ახალი ტიპის ურთიერთობები, უფრო მკაფიო იყოს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი. დაწერილი იყოს წესები: არ შევთანხმდეთ იმაზე, რაც ყველასთვის საერთოა, ან კიდევ რაღაცნაირად დისტანცირება მოვახდინოთ ერთმანეთთაან, რომ ტექნიკური ხასიათი ჰქონდეს კოალიციაში ყოფნას.
სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ კოალიცია ვერ ჩამოყალიბდა ერთ კონცენტრირებულ მკაფიო ღირებულებათა ერთობად. მაგალითად, „ქართული ოცნების“ დეკლარირებული ლიდერი არის გიორგი კვირიკაშვილი, ვისთანაც ჩვენ, გამომდინარე ჩვენი ღირებულებებიდან და შეხედულებებიდან, არ გვაქვს ურთიერთობის პრობლემა, თუმცა არაერთი შემთხვევაა, როდესაც პარტიის წევრები გამოთქვამენ ხელისუფლების სახელით ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღევანდელ კონფერენციაზე ზურაბიშვილმა ისიც განაცხადა, რომ დღეს განხილვის რეჟიმში უამრავი ისეთი საკითხია, რომელზეც პარტიას კრიტიკული შეხედულება აქვს. მისივე განმარტებით, ჯერ კიდევ უამრავი რამეა გასაკეთებელი, მაგრამ თუ პარტია ჩათვლის, რომ ამოწურა რესურსი კოალიციის შიგნით, ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაწყებული საქმე კოალიციის გარეთ განაგრძოს.