სოსო მანჯავიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ სკოლები და ბაღები პოლიტიზებული ყოფილიყო

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი დეპუტატი სოსო მანჯავიძე თბილისის ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ყველაფერი გააკეთა, რომ სახელმწიფო აპარატი, მათ შორის სკოლები და ბაღები პოლიტიზებული იყოფილიყო. მისივე განმარტებით, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ თორდინავას სრული უფლება ჰქონდა, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში თანამშრომლების განთავისუფლების გადაწყვეტილება მიეღო.
„ეს საკითხი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივია. საქმე ეხება ადამიანების ბედს. ერთმანეთს ნაცარს არ უნდა ვაყრიდეთ. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ სახელმწიფო აპარატის, სკოლების, ბაღების პოლიტიზება მოეხდინა. მაგალითად, 2007 წელს მათ ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს მხოლოდ იმის გამო, რომ არ იყვნენ პოლიტიკურად ლოიალურები. და ის თავისუფალი ადგლები შემდეგ სწორედ პოლიტიკურად ლოიალური აქტივისტებით დააკომპლექტეს. ზოგიერთ მათგანს დიპლომიც კი არ ჰქონდა. შემდეგ უამრავი ბაღის გამგე იყო ნათესავი ან აქტივისტი „ნაციონალური მოძრაობის“. ახლა, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ კოჰაბიტაციაში, იმიტომ, რომ მან არ გაანთავისუფლა ძველი თანამშრომლები და არ დანიშნეს მათი აქტივისტები. ფაქტია, 161 ბაღია თბილისში და აქედან თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რაც ბაგა-ბაღების სააგენტოში მოვიდა ხელმძღვანელად თორდინავა, სულ გათავისუფლებულია 60 – მდე მოადგილე, ასევე 22 -მდე გამგეა. პროტესტი, ბუნებრივია. არავის სურს, რომ გაანთავისუფლონ“,-განაცხადა მანჯავიძემ.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატმა ბაგა-ბაღებში არსებულ დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სააგენტოს ხელმღვანელს სრული უფლება ჰქონდა, რომ დარღვევების აღმოჩნენის შემდეგ თანამშრომლები მათ მიერ დაკავებული პოზიციებიდან დაეთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები