„სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის, ან პრემიერის გადაწყვეტილების გამო“
მომავალი არჩევნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან „რესპუბლიკელების“ ავტომატურ და დაუყოვნებლივ გასვლას, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” განცხადებაშია ნათქვამი.
” სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში – ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტინატოელებისა და ვიდეოშანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე;
ჩვენი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია “ქართული ოცნების” დაანონსებულ განახლებაზეც. ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ კოალიციური სახელისუფლებო პასუხისმგებლობის კიდევ გარკვეული ვადით ზიდვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და, მისი ხედვების შესაბამისად, მოქმედ გუნდთან ერთად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება;
შევეცდებით, ჩვენი ნაბიჯების გამო არ გაჩნდეს კითხვები ქვეყნის სტაბილურობისა და ხელისუფლების კურსის თაობაზე, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების ან ნატოს სამიტზე მინიმალისტური შედეგის მიღების მიზეზი შეიძლება გახდეს”, – აცხადებენ “რესპუბლიკელები“.
როგორც პარტიაში განმარტავენ, “რესპუბლიკელი” მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის შესრულებას.
“ამავე პერიოდში პარლამენტში ვითარება პირიქით იქნება – ფრაქცია “რესპუბლიკელები” იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა უმრავლესობის ფორმატში წინასწარ შეთანხმებული საკითხებისა”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.