გიორგი მარგველაშვილი: მრავალი საკითხის გადაწყვეტა საქართველოს, ევროპასა და ამერიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობაშია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ქართველი ხალხის ხედვა ევროატლანტიკურ და ევროპულ პრინციპებს უკავშირდება.
„წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. მე გადავწყვიტე, რომ ამ პერიოდისათვის მეწოდებინა გზა – დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. ერთია – გათავისუფლდე ვიღაცისაგან, მეორეა – მიაღწიო რეალურ თავისუფლებას, მიაღწიო საზოგადოების თავისუფლებას, ისეთ თავისუფლებას, რომლითაც დღეს აშშ-ში სარგებლობენ, მიუხედავად შიდაპოლიტიკური მღელვარებისა. მას შემდეგ კი, რაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენი მიზანია თავისუფალება. საქართველოსათვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს წინაშეა საპარლამენტო არჩევნები, რეგიონში მზარდი საფრთხეები და რთული ვითარება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, გამოწვევები იმ სახელმწიფოების წინაშეცაა, რომლებიც ყველაზე დაცულად ითვლებიან და გაწევრიანებულნი არიან უსაფრთხოების თვალსაზრისით ძლიერ ალიანსებში.
„ვხედავთ, თუ რა გამოწვევებია კაცობრიობის წინაშე. ეს გამოწვევები იმ სახელმწიფოების წინაშეცაა, რომლებიც ყველაზე დაცულად ითვლებიან და გაწევრიანებულნი არიან უსაფრთხოების თვალსაზრისით ძლიერ ალიანსებში. ვართ თუ არა მზად, თვალი გავუსწოროთ რეალობას – რომ ნატოსა და მისი სახელმწიფოების უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული სხვა სახელმწიფოთა უსაფრთხოების გარეშე, ისეთების როგორიცაა საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, ქართველმა ხალხმა ნათლად აირჩია საკუთარი გზა, ღირებულებები და ხედვა, რომელიც ევროატლანტიკურ და ევროპულ პრინციპებს უკავშირდება.
„ჩვენ ვიყავით ამ ღირებულებების ერთგულები და 25 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ბევრი გავაკეთეთ, რათა რეალურად გვეჩვენებინა ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ საქართველოს შეუქცევადი სწრაფვა. ამ მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. ამ ეტაპზე, რის გაკეთებასაც ვცდილობთ არის ის, რომ მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს ვაჩვენოთ, რომ მრავალი საკითხის გადაწყვეტა საქართველოს, ევროპასა და ამერიკას შორის მჭიდრო პარტნიორობასა და თანამშრომლობაშია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ ვილსონის განცხადებით, ატლანტიკურ საბჭოს ძლიერი ხედვა აქვს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. „ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, -აღნიშნა ვილსონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები