„ფორმალური საბაბიც კი საკმარისი იქნება, რომ საქართველოშიც დატრიალდეს ის ტრაგედია, რაც ბრიუსელში მოხდა“
„ეს ტერაქტი სულ მცირე 6-8 თვის განმავლობაში იგეგმებოდა. ის საკმაოდ მაღალ დონეზე იყო დაგეგმილი და მასში სამხედრო ოპერაციის ელემენტები იყო გამოყენებული“,- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბელგიის ტერაქტების შეფასებისას გააკეთა.
მაისაიას თქმით, ბოლოდროინდელი ქმედებებით „ისლამურმა სახალიფომ“ გლობალური ჯიჰადი გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ საფრთხეები საქართველოშიც არსებობს.
„ბელგია და ბრიუსელი შემთხვევით არ იყო გამოწვეული, ტერაქტები, რეალურად რომ ვთქვათ, ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინის მიმართულებით განხორციელდა. იმით „ისლამურმა სახალიფომ“ გლობალური ჯიჰადი გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ომი დაიწყო. გლობალური ჯიჰადის პირობებში ჩვენ ფაქტობრივად გადავიქეცით სამიზნედ. აქამდე ჩვენ შეიძლება თავი ქუდში გვქონდა. აქ ნებისმიერი ფორმალური საბაბიც კი საკმარისი იქნება, რომ საქართველოშიც მოხდეს ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ბრიუსელში განხორციელდა. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამ მოვლენების გამოწვევისთვის ლაფანყურის სპეცოპერაციის თაროზე შემოდებული საქმეც კი შესაძლოა, საკმარისი იყოს“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
მაისაიას თქმით, პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების შემსრულებლები ერთი ქოლგის ქვეშ იყვნენ. მისი თქმით, აბდესლამის დაკავება და მისი ვითომდა თანამშრომლობა, ეს იყო ერთ-ერთი მანევრი, რომ ყურადღება ბელგიის სპეცსამსახურებს სხვა მიმართულებით გადაეტანათ და შესაბამისად განხორციელებულიყო ტერაქტების სერია, რაც განხორციელდა.
„ეს არის შაჰიდური შეტევები, ასეთი ადამიანების გამოვლენა ძნელია. ესენი რომ იყვნენ გარედან შესული ადამიანები და მათ ჩაეტარებინათ ეს ტერაქტები, მათი გამოვლენა უფრო იოლი იქნებოდა, მაგრამ ამას აკეთებენ ადგილობრივი მცხოვრებლები“, – აღნიშნა მაისაიამ.
ექსპერტის განცხადებით, ევროკავშირის ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგია ძალიან რბილ კონცეფციაზეა აგებული და თანამედროვე გამოწვევებს ვერ უმკლავდება.
„ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგია ევროკავშირმა 2003 წელს მიიღო, მაგრამ ამ სტრატეგიაში ყურადღება, ძირითადად, გამახვილებულია ე.წ. რბილ კონცეფციაზე. საუბარია ფულადი წყაროების შეწყვეტაზე და მეორეხარისხოვანი ამოცანების შესრულებაზე. იქ არ იყო დაყენებული ტერორიზმთან ბრძოლის ხისტი ელემენტების გამოყენების საკითხი. ევროკავშირში არ არსებობს ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით იმუშავებენ. არის ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც, ძირითადად, მონიტორინგს ახორციელებს და ზოგად ანალიზს აკეთებს. ამიტომ ევროკავშირი ასეთი ტიპის გამოწვევისთვის მზად არ იყო. დრო დასჭირდება, რომ შემუშავდეს ადეკვატური და სწორი რეაგირება ასეთი ტიპის გამოწვევებზე“,- აღნიშნა მაისაიამ.