ჰოლანდია საქართველოს ავიაციის რეფორმაში დაეხმარება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოს დაუმას შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ჰოლანდიასთან ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მისი განცხადებით, ნიდერლანდების სამეფო საქართველოს ავიაციის რეფორმაში დაეხმარება.
„ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა როგორც მინისტერიალის ფორმატში, ასევე, ერთი კვირის წინ ლონდონში. მათ გამოხატეს მზადყოფნა, რომ მონაწილეობა მიიღონ ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის განხორციელებაში. ჰოლანდია ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა. დღეს კი უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ და ელჩმაც საბოლოოდ დაგვიდასტურა, რომ ისინი ავიაციის რეფორმაში დაგვეხმარებიან; დაგვეხმარებიან ნატო-საქართველოს პაკეტის ფარგლებში ავიაციის კომპონენტის გაძლიერებაში. ეს ერთგვარად სამუშაო შეხვედრა იყო ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად – როგორ, რა ფორმატში და რა ჯგუფი იქნება. ჩვენ გასულ კვირას გვყავდა ფრანგების ჯგუფი, რომელიც ამ პაკეტის ფარგლებში საჰაერო თავდაცვას კურირებს და ამ მიმართულებით რეფორმისთვის გვეხმარება და ახლა უკვე, ძალიან მალე მივიღებთ ჰოლანდიურ ჯგუფს, რომელიც ავიაციაში დაგვეხმარება. ეს ორი მიმართულებაა, სადაც დღეს ძალიან ქმედითი ღონისძიებებია დაგეგმილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებისთვის და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო წარმატებული იქნება ეს რეფორმა და უფრო სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანს, ვიდრე ცალკე ქართული მხარე დაგეგმავდა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ელჩს საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები