„თუ უნივერსიტეტში „ოდეერი“ არსებობს, ეს არის ძველი და რექტორს ჰგონია, რომ ეს ისევ მოქმედებს“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა. დეპუტატის განმარტებით, კანონით არსებობს 26 ობიექტის ჩამონათვალი, სადაც არის ე.წ. უსაფრთხოების თანამშრომელი, თუმცა ამ ჩამონათვალში საგანმანათლებლო კერა არ შედის.
ქანთარიას თქმით, თუკი უნივერსიტეტში, მართლაც, არსებობდა „ოდეერი“, ამის შესახებ რექტორს აუცილებლად უნდა სცოდნოდა.
„2015 წელს ჩვენ „ოდეერების“ სისტემა მოვშალეთ. 26 ობიექტის ჩამონათვალი არსებობს, სადაც არის ე.წ. უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელიც ამა თუ იმ ობიექტის ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულებით მუშაობს. არავითარი დაძალება არ არის, არის ხელშეკრულებით. სადაც რისკის მატარებელი ობიექტებია, თვითონ ხელმძღვანელს სჭირდება, რომ მასთან ერთად პასუხისმგებელი კიდევ ვინმე ჰყავდეს. ამ ჩამონათვალში არცერთი საგანმანათლებლო კერა არ შედის.
ამიტომ საუბარი იმაზე, რომ აქ „ოდეერი“ არის და ამაზე ჩვენ საგამოძიებო კომისია შევქმნათ, აბსურდულია. თუ „ოდეერი“ არსებობს, ეს ან არის ძველი, იქ დარჩენილი, ვიღაცას დაავიწყდა და რექტორს ჰგონია, რომ ეს ისევ მოქმედებს, ან ამ ადამიანს გაუვიდა ვადა, მაგრამ, როგორც პერსონა, ის იყო გამოსადეგი უნივერსიტეტისთვის და შესაძლოა, დატოვეს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. ეს ნებისმიერ შემთხვევაში რექტორს უნდა სცოდნოდა, ამ შემთხვევაში ეს რექტორის პასუხისმგებლობა და მისი საქმეა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.