მთავრობის ადმინისტრაცია კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მთვავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში 16 მარტს გამართული მორიგი შეხვედის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მასშია ნათქვამი, შეხვედრის დასაწყისში, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა, ხდება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების ხელყოფა.
“კერძოდ, ბოლო დროს გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში განვითარებული მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებას.
ყოველივე ეს ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ.
გრიგორი კარასინმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დააფიქსირა რუსეთის მხარის მიდგომა, რაც პრინციპულად განსხვავდება ქართული მხარის პოზიციისაგან.
ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემების მოგვარების, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.
გაიმართა საუბარი მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედების თაობაზე. აღინიშნა, რომ უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა სახის პრობლემები და სირთულეები.
განხილულ იქნა ასევე ჰუმანიტარული საკითხები.
კერძოდ, ცნობილი გახდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში საქართველოს რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც სასჯელს იხდიან ჯაშუშობის ბრალდებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები