რატომ გაემიჯნა პოლიტიკურად „რესპუბლიკური პარტია“ ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას?

ცალსახად ითქვა, რომ გუშინდელ პოლიტსაბჭოზე არანაირი თემა არ განხილულა, გარდა ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებისა, -ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
დავით უსუფაშვილმა განმარტა, თუ რის საფუძველზე გაემიჯნა აღნიშნული საკითხის ინიცირების პროცესს “რესპუბლიკური პარტია“.
“ცალსახად ითქვა, რომ გუშინდელ პოლიტსაბჭოზე არანაირი თემა არ განხილულა, გარდა ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებისა.
ამ პოლიტსაბჭოზე „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლობა არ იყო, მე გახლდით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. ცხადია, “რესპუბლიკელიც“ ვარ, მაგრამ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პოლიტსაბჭომდე განცხადება გააკეთა, რომლითაც მან ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ქორწინებას აღიარებს, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას და არაფერს სხვას.
შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობა და კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით არ არის ნაკლული სამართლებრივად. თუკი ვინმე თვლის, რომ რაიმე მეტად და უკეთესად შეიძლება ჩაიწეროს შიგნით, ამას სწორი დრო და სწორი ტაქტიკა სჭირდება. იმ ვითარებაში, როდესაც ხდება ცვლილების ინიცირება, ამით იმის გაცხადება ხდება, რომ ამ თვალსაზრისით შესაძლოა, კონსტიტუციას რაღაც აკლია. თუ ინიცირებას სწრაფი გადაწყვეტილება არ და ვერ მოჰყვება, მაშინ ჩვენ ვტოვებთ პრობლემას, გამრავლებულს და პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება.
ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ ჩვენ ვთვლით, ეს არის გარკვეულ პოლიტიკურ დანაღმულ ველზე შესვლა, ამ თემით უახლოესი თვეების და საარჩევნო პროცესის დომინირება, ეს არანაირად არ შედის საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებში, ვინაიდან ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი თემა გვაქვს, რომლის საფუძველზეც და ფონზეც უნდა მოხდეს საარჩევნო გადაწყვეტილებების მიღება და არა საეჭვო წარმოშობის, საეჭვო მიზნების თემით.
იმ ადამიანების მესმის, ვისაც ეს თემა გულწრფელად აწუხებს, მაგრამ საკითხის მოგვარების პოლიტიკური მხარე უფრო ემსგავსება პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შებიჯებას, პოლიტიკური მახისკენ ნაბიჯს. ამიტომ ამას პოლიტიკურ შეცდომად ვთვლით და “რესპუბლიკური პარტია“ ინიცირების პროცესს“ პოლიტიკურად გაემიჯნა.
ამასთანავე, პატივს ვცემთ როგორც კოალიციის წევრების, ასევე საკუთარი პარტიისა და ფრაქციის წარმომადგენლების ინდივიდუალურ მოსაზრებებს, რადგან ბევრი ამ საკითხს განიხილავს წმინდა ზნეობრივ და მორალურ ჩარჩოში და არ განიხილავს მას პოლიტიკურ ჩარჩოში. ჩვენ – პოლიტიკოსები ვალდებულნი ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ პოლიტიკურ ჩარჩოშიც და აქ არის განსხვავებაც“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები