ომბუდსმენი დამსაქმებლებს რეკომენდაციას აძლევს, რომ დისკრიმინაციული შინაარსის მოთხოვნებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს “ელიტ-სერვისს”, რომ თავი შეიკავოს დისკრიმინაციული შინაარსის მქონე განცხადებების გამოქვეყნებისაგან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებულმა კომპანიამ დასაქმების ვებ გვერდზე: www.myjobs.ge გამოაქვეყნა განცხადება იმ ვაკანსიის შესახებ, სადაც სქესთან, ასაკთან და ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებული სიტყვები დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა. კერძოდ კი დამსაქმებელი მიუთითებდა, რომ ესაჭიროება “დასაოჯახებელი”, “სრულიად უკომპლექსო 16-დან 25 წლამდე გოგონა” მდივნის პოზიციაზე.
“სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ვაკანსიის აღწერილობაში მითითებული მოთხოვნები არ გამომდინარეობს მოცემული სამუშაოს არსიდან. კერძოდ, მდივნის პოზიციის შესაბამისი მოვალეობების შესრულების უნარი თანაბრად აქვს ქალს და მამაკაცს, ასევე 25 წლის ასაკს ზემოთ მყოფ და დაოჯახებულ პირებს, თუკი მათ გააჩნიათ შესაბამისი უნარები. შესაბამისად, დამსაქმებელს განცხადებაში ყურადღება უნდა გაემახვილებინა არა კანდიდატის სქესზე, ასაკსა და ოჯახურ მდგომარეობაზე, არამედ მდივნის პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნებზე და ინდივიდუალურად შეეფასებინა თითოეული კანდიდატის უნარების შესაბამისობა.
ვაკანსიისთვის საჭირო მოთხოვნების ამგვარად ფორმულირება აძლიერებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომ გარკვეული სამუშაო შეიძლება მხოლოდ კონკრეტული სქესის, ასაკის თუ ოჯახური მდგომარეობის ადამიანმა შეასრულოს და ხაზს უსვამს მანკიერ წარმოდგენას, რომ ქალის მიერ კონკრეტული პოზიციის დაკავება შესაძლოა არ მოითხოვდეს შესაბამის საკვალიფიკაციო უნარებს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოცხადებული ვაკანსიისთვის დადგენილი მოთხოვნები, ერთი მხრივ, ზღუდავს მამრობითი სქესის, ასევე 25 წლის ასაკს ზემოთ მდედრობითი სქესისა და დაოჯახებული პირების სამუშაოზე ხელმისაწვდომობას, რითიც მათ არახელსაყრელ ვითარებაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს შრომით ურთიერთობებში ქალთა მიმართ მავნე სტერეოტიპული პრაქტიკის განვითარებას. აღნიშნული განსხვავებული მოპყრობა არ ემსახურება რომელიმე ლეგიტიმურ მიზანს.
სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შპს “ელიტ სერვისმა” ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია სქესის, ასაკისა და ოჯახური მდგომარეობის ნიშნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები