„რესპუბლიკელებმა“ პრემიერისგან ალიყური მიიღეს“
პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მმართველ კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე და ე.წ. ორპარტიულ შეთანხმებაზე ისაუბრა.
ბარამიძის თქმით, მართალია „რესპუბლიკელები“ ამ ფაქტს ფუთავენ. მაგრამ მათ პრემიერ-მინისტრისგან ალიყური მიიღეს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებით, კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე პრემიერმა ნაგვიანევი, თუმცა საკმაოდ საინტერესო აქცენტებდასმული განცხადება გააკეთა, სადაც მან „რესპუბლიკელებს“ მიუთითა, რომ მათით არ იწყება და არ მთავრდება სამყარო.
„პრემიერს თავის განცხადებაში პირდაპირ ჰქონდა მითითება გაკეთებული ერთ-ერთ მინისტრზე და იმაზე, რომ აღმასრულებელი სტრუქტურის ხელმძღვანელი უფრო უნდა იყოს დაინტერესებული თავისი უშუალო საქმეებით, ვიდრე კოალიციის პრობლემატიკის გარეთ გატანით. ყოველივე ამან გამოიწვია ის, რომ „რესპუბლიკელებს“ ამ რბილი, მაგრამ მაინც ალიყურის შემდეგ გაეკეთებინათ განცხადებები და თავიანთი ადრინდელი პოლიტიკური ნაბიჯები თუ განცხადებები გაემართლებინათ. ამას მოჰყვა შემდეგ იმ ორპარტიული ხელშეკრულების გაფორმება. საინტერესო არჩევნებამდე 3 თვით ადრე რატომ სჭირდებათ ორპარტიული ხელშეკრულების გაფორმება. ეს ყველაფერი ერთადერთ საკითხს ემსახურება, „რესპუბლიკელებს“ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ მათ მიმართ არანაირი კრიტიკა არ არსებობს. ეს თავიანთი მხარდამჭერებისთვის სჭირდებოდათ, თორემ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, „რესპუბლიკელებს“ თანამდებობები მეტი აქვთ, ვიდრე ავტორიტეტი საზოგადოებაში“,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.