თინათინ ხიდაშელი: საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების ადმინისტრაციული პატიმრობა უქმდება

შეიარაღებულ ძალებში ადმინისტრაციული პატიმრობა უქმდება, სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი თანაბრდება, წახალისების ახალი სისტემა ინერგება. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდება“ დაამტკიცეს. ახალი წესდების თანახმად შეიარაღებულ ძალებში ადმინისტრაციული პატიმრობა უქმდება, სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი თანაბრდება და წახალისების ახალი სისტემა ინერგება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კანონის წინაშე თანასწორი ხდება ყველა სამხედრო მოსამსახურე. გარდა ამისა, შემოდის წახალისების ახალი სისტემა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს უფრო მოტივირებულს გახდის.
„მთავარი საიხლე არის ის, რომ დღეიდან საქართველოში უქმდება სამხედრო მოსამსახურეების ადმინისტრაციული პატიმრობა, აღარ იარსებებს „ჰაუპტვახტები, ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და რომელსაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ მიდის ნატოში. ქართული შეიარაღებული ძალები მთელი მისი სისტემით, უნდა იყოს თავსებადი, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვის ნაწილში“.
თინათინ ხიდაშელის თქმით, „მეორე სიახლე არანაკლებ მნიშვნელოვანია, აბსოლუტურად გასწორდა ყველა რანგის სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი. თუკი დღემდე გადაცდომები იყო მსგავსი, მაგრამ პასუხისმგებლობა განსხვავედებოდა, ოფიცრებსა და რიგითებს შორის, ჩვენ დღეს წესდებით ეს გავასწორეთ. მიგვაჩნია, თუკი გადაცდომასთან გვაქვს საქმე, ყველა არის თანასწორი. თუ მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე ჩხუბობს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, მნიშვნელობა არ აქვს, ის ოფიცერია თუ რიგითი, ყველას მიმართ კანონი უნდა იყოს თანასწორი და ეს არის ერთ-ერთი მთავარი იდეა ამ საკანონმდებლო ინიციატივის. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებში თანასწორობის გრძნობის გაძლიერებას, რაზეც ისინი ძალიან ხშირად და სამართლიანად პროტესტს გამოთქვამდნენ. და მესამე, არის წახალისების ახალი სისტემა, რომელიც წარმოადგენს ნატოს წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკების შეჯერებულ ვერსიას. ჩვენ მაქსიმალურდ შევეცადეთ, გამოგვეყენებინა ყველა ზომა, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშია. ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ თანამდებობრივი წინსვლას სახელმწიფო და კანონმდებლობა ყველანაირად გვერდში უდგას და ხელს უწყობს“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდება“ უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები