გიორგი კვირიკაშვილი: “ქართული ოცნება” მნიშვნელოვანწილად განახლდება

ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი,  ბევრი ამოცანა გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით მაღალი,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გადაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი „რესპუბლიკურ პარტიასთან” გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, კოალიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა ბუნებრივი პროცესია, თუმცა მთავრობა უნდა იყოს ერთიანი საკუთარ გადაწყვეტილებებში.
„ვფიქრობ, მთავრობამ უნდა მოახდინოს მაქსიმალური კონცენტრირება და ფოკუსირება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანნი,”–განმარტა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. პრემიერი მიიჩნევს, რომ დაწყებული პოლიტიკური პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროცესში  იქნება მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.
„ძალიან საქმიანი საუბარი შედგა გუშინ „რესპუბლიკური პარტიის” რამდენიმე ლიდერთან, სადაც ვისაუბრეთ პარტნიორობაზე „ქართულ ოცნება–დემოკრატიულ საქართველოსა” და „რესპუბლიკურ პარტიას” შორის. გარკვეული შეთანხმებები მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში. თუ „ქართული ოცნება” მრავალპარტიულ ფორმატში წარსდგება  წინასაარჩევნოდ, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივად იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში უნდა დადასტურდეს,”–განაცხადა გირგი კვირიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო”  მნიშვნელოვნად განახლება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარშემო.
„იმ შემთხვევაში, თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი რომელიც შეიკრიბება, გაერთიანდება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო. ეს მიზნები იქნება, უპირველეს ყოვლისა, დაფუძნებული ჩვენს მთავარ ფასეულობებსა და ტრადიციებზე და, რა თქმა უნდა იქნება, კონსესუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე,”–აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები