დავით უსუფაშვილი: “რესპუბლიკური პარტია” და “ქართული ოცნება” სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში ვრჩებით
ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას – სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე, თემატურსა და მოკლევადიანს, – ამის შესახებ “რესპუბლიკელთა” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემირ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერთან საუბარი საქმიანი და კეთილგანწყობილი იყო.
“ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ „რესპუბლიკური პარტია” და პარტია “ქართული ოცნება” სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში ვრჩებით. მეტიც, ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე იმისთვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც. ამ საკითხში პრემიერის და “რესპუბლიკური პარტიის” პოზიცია ძალიან მყარია. ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას – სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე, თემატურსა და მოკლევადიანს. ამასთანავე, “რესპუბლიკელებსა” და პარტია “ქართულ ოცნებას” შორის შეთანხმება დაზუსტდება”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
კითხვის – “რესპუბლიკური პარტიისა” და პარტია “ქართული ოცნების” ორპარტიულ შეთანხმებაზე შესაძლო გადასვლა ნიშნავს თუ არა იმას, რომ კოალიცია ახალ ფორმატზე გადადის, საპასუხოდ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კოალიციას რა მიზანიც ჰქონდა, ძველი რეჟიმის დასრულების სახით, ეს უკვე შეასრულა, შემდგომი ოთხი წელი კი განსხვავებული იქნება.
“ჩვენ, როცა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში ერთად დავდექით, გვქონდა კონკრეტული ამოცანები – მაშინ ეს იყო რეჟიმის დასრულება. ეს მოვახერხეთ, დავასრულეთ. შემდგომი ოთხი წლის ერთობლივი საქმიანობა, სტრატეგიული პარტნიორობა კი სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო საქმიანობას ნიშნავს”, – განმარტა უსუფაშვილმა.