გიგლა აგულაშვილი: წინასაარჩევნოდ, გარკვეული ძალები ცდილობენ, ფეხი მოიკიდონ
გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი თვლის, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” შიგნით დაპირისპირება წინასაარჩევნოდ გარკვეული ძალების ფეხის მოკიდების მცდელობას უკავშირდება.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ძალები ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ყველაფერი ცუდი დასავლეთიდან მოდის.
„წინასაარჩევნოდ, გარკვეული ძალები ცდილობენ, მოიკიდონ ფეხი ქვეყნის მაცხოვრებელთა გარკვეულ ნაწილში, ძალიან გააქტიურდა ე.წ. რბილი ძალა. მედია, სოციალური ქსელები, ტელევიზიები, ნიჰილიზმის დათესვა და დანერგვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ყველაფერი ცუდი რომ დასავლეთიდან მოდის თურმე და ყველაფერი საუკეთესო ჩრდილოეთიდან, ეს მზეც ჩრდილოეთიდან რომ ამოდის, ასეთი მესიჯები ინტენსიურად ისმის, რაც მიმართულია საზოგადოების დიდი ნაწილის დეზორიენტაციაზე, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მე ვიზიარებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას“, – განაცხადა აგულაშვილმა.
მისივე თქმით, ის მზადაა, საგარეჯოს არჩევნების თაობაზე გამოძიების ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი.