დოპინგისა და მწვრთნელების პრობლემა ჭიდაობაში – „მწვრთნელები დღეს ინდივიდუალურ გეგმას ვერ წერენ“

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რომან რურუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ჭიდაობის სფეროს პრობლემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჭიდაობის წინაშე დგას პრობლემები, რომელიც სპორტის ამ უძველეს სახეობას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მოჰყვება. რურუას განმარტებით, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს, ეს გამოასწოროს, მაგრამ პროცესები მძიმედ მიდის.

რურუას თქმით, ჭიდაობის სფეროში დოპინგის მოხმარების პრობლემა დგას. მისი თქმით, დოპინგის დამკვიდრებას ამ სფეროში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ შეუწყო ხელი.

სპორტზე ცუდად აისახა ჭიდაობის წესების გამარტივებაც, რომელიც, რურუას თქმით, ჭიდაობის სფეროში დაბალ საფეხურზე მდგარი ქვეყნების წინ წამოწევას ისახავდა მიზნად.

„დოპინგის თემა ჭიდაობაში 20-30 წლის განმავლობაში არსებობს. საერთაშორისო ფედერაცია ცდილობდა, ფართოდ დაენერგა თავისუფალი ჭიდაობა, შეეცადა ლიბერალური გზით დაესუსტებინა ჭიდაობის წესები და ძლიერებს შორის სუსტი ქვეყნებიც მოხვედრილიყვნენ. მხედველობაში მყავს არაბული სამყარო, აფრიკა… ამ ქვეყნებში ჭიდაობის განვითარების ძალიან დაბალი დონე იყო და რომ განევითარებინათ მათში სპორტის ეს სახეობა, ჭიდაობის წესები შეცვალეს და ამ სუსტ საზოგადოებას მოარგეს წესები. ჭიდაობა იყო ჯერ 12 -წუთიანი, შემდეგ გახდა 10- წუთიანი, შემდეგ 3-3 წუთიანი. სამი ეტაპი შემოიღეს, დღეს კი არის 6 წუთი. ჭიდაობა ძალისმიერი სპორტია და არ შეიძლება ის 6- წუთიანი იყოს. ჭიდაობა მინიმუმ 10 წუთიანი უნდა იყოს.

იმისათვის, რომ ჭიდაობაში სუსტი ქვეყნების წარმომადგენლები ფიზიკურად ძლიერნი ყოფილიყვნენ, სპორტსმენების ხელოვნურად გაძლიერებისთვის დაამკვიდრეს დოპინგი. დოპინგი რაღაც პერიოდის განმავლობაში აღაგზნებს ადამიანს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უპირატესობას აძლევს მას. ეს ყველაფერი დღეს აღებ-მიცემობაში და მექრთამეობაში გადაიზარდა. თუ ფულით ჩავიდა ვინმე და საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელს თანხა გადასცა, მას დოპინგზე არ გასინჯავენ. საქართველოშიც წაუცდათ ხელი ამ მიმართულებით და ცუდია ეს ჩვენთვის.

ქართველმა სპორტსმენებმა უნდა შეძლონ ის, რომ არ მიიღონ ეს დოპინგი და ისე სძლიონ თუნდაც ამ გზით ხელოვნურად გაძლიერებულ მოწინააღმდეგეს“,- განაცხადა რომან რურუამ.

რურუას განცხადებით, ფედერაციაში ყველაფერი ვერ კეთდება ისე, როგორც უნდა იყოს, რადგან მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც გამოცდილება არ აქვს და დრო სჭირდება. ფედერაციის წინაშე მწვავედ დგას მწვრთნელების პრობლემაც. როგორც რურუამ განმარტა, საქართველოში „მწვრთნელები გამოილია“.

„დღეს ინსტიტუტი დაშლილია, იქ წერა-კითხვას მაინც ასწავლიდნენ ხალხს. მწვრთნელები ინდივიდუალურ გეგმას ვერ წერენ. ვერ აღწერენ მოწინააღმდეგის თვისებებს. ცოდნა არა აქვს ხალხს. ამიტომ უნდა ვასწავლოთ მათ. ბევრი რამაა ამ კუთხით გასაკეთებელი“,- განაცხადა რომან რურუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები