მანანა კობახიძე: საზოგადოებამ უნდა გაიგოს, სად არის სიმართლე

რაღაც ძალების წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ არ სურთ, მომავალ პარლამენტში მნახონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არც პროკურატურაში, არც შსს-ში და არც სუს-ში არ მომხდარა თავიდან ბოლომდე ძველი კადრების წმენდა და, აქედან გამომდინარე, ყოფილი პოლიციელები, რომლებსაც ძალიან მძიმე საქმეებთან ჰქონდათ შეხება, დღესაც არიან ამ სისტემაში და ეწინააღმდეგებიან მათთვის პრობლემური საქმეების გამოძიებას.
“რაღაც ძალების წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ არ სურთ მომავალ პარლამენტში მნახონ, ეს მიზანი აქვთ მათ და ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული ამით? მე არ გამოვრიცხავ თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლებელია, დღესაც არიან ძალოვანი უწყების თანამშრომლები. თქვენ იცით, რომ არც პროკურატურაში, არც შსს-ში, არც სუს-ში არ მომხდარა თავიდან ბოლომდე წმენდა ძველი კადრების. ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ყოფილ პოლიციელებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავებულები ადამიანის უფლებების დარღვევით, ძალიან მძიმე საქმეებთან ჰქონდათ შეხება. სამწუხაროდ, დღესაც არიან ამ სისტემაში და ეწინააღმდეგებიან ისეთი საქმეების გამოძიებას, რომელიც შესაძლებელია მათთვის პრობლემური იყოს. ეს მათ არ აწყობთ და, შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთი საქმეები არ იყოს გამოძიებული. მე ამას დაბეჯითებით ვამბობ. 3 წელია ჭიანურდება ე.წ. კოკაინის საქმის გამოძიება. მე ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ მთელ ამ სკანდალში ვინც ზარალდება, ესენი არიან პატიმრები”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
ვიცე-სპიკერი თვლის, რომ ვიღაცას არ აწყობს ე.წ. კოკაინის საქმის გამოძიება.
“აქტიურად საუბრობენ ზაუტაშვილზე, თუმცა იქ არის კიდევ 3 ადამიანი დაპატიმრებული, ესენი არიან: გიორგი ჩეჩელაშვილი, მეულუდ სვანიძე და რომან მესულიანი. ისინი ასევე ითხოვენ, რომ მათი საქმე გადაისინჯოს. ისინი ითხოვენ იმ ძალიან მძიმე საპროცესო დარღვევებზე რეაგირებას, რომელიც არის ამ საქმეში. იგივეს ითხოვს ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც დღეს არ არის საქართველოში, თუმცა მის მიმართაც დღემდე ძალაშია განაჩენი. სამწუხაროდ, გამოძიება იმ ფუნდამენტურ დარღვევებზე, რომელიც იყო ამ საქმეში, ჭიანურდება და რეალური შედეგი არ დგება. როგორც ჩანს, ვიღაცას არ აწყობს ამ საქმის და კიდევ არაერთი საქმის გამოძიება, რომელიც პრობლემურია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ბინძური ჭორის აგორება ყოფილიყო ძალოვნების, ან ამ წუთში ძალოვან სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების მიერ მოწყობილი. ამ საქმის პროკურორი დღემდე არის პროკურატურაში. რამდენჯერაც გააქტიურდება ქალბატონი ზაუტაშვილი, იმდენჯერ ჩნდება საეჭვოდ ახალი პერსონაჟი, რომელიც ცდილობს ახალი რაკურსით ტალახის სროლას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ.
მე ვაპირებ ბოლომდე მივყვე ამ საქმეს და გავარკვიო, ვინ არის დაინტერესებული, რომ ეს ძირითადი საქმე, რის გარშემოც ეს აჟიოტაჟი ტრიალებს, არ იყოს გამოძიებული და რატომ ხდება, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანები გამოდიან და აქტიურობენ ამ საქმეთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხდა ამდენი ხანი აღნიშნულის გამოძიება.
“ელისაშვილის საქმეც არ არის ის საქმე, რომ ამდენ ხანს გრძელდებოდეს გამოძიება. მინდა მივმართო პროკურატურას, დროულად მოხდეს ამ გამოძიების დასრულება, ეს არ არის იმ სირთულის საქმე, რომელსაც რამდენიმე თვე და ერთი წელი სჭირდება. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, სად არის სიმართლე, სხვა შემთხვევაში ზარალდება ხელისუფლება, იმ ცილისწამებებით, რომელიც სპეციალურად კამპანიურად არის აგორებული “ქართული ოცნების წინააღმდეგ”. საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ იცოდეს სიმართლე”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები