„აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რისთვისაც ბევრს ვაკეთებთ“

აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი და ამ მიზნის პრაქტიკული რეალიზებისათვის ბევრს ვაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ გაზეთ “რეზონანსთან” ინტერვიუში განაცხადა.
კელი გამოცემასთან ნატოს სუსტ და ძლიერ მხარეებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა, 28 წევრის თანხმობაა საჭირო, რაც არ არის მარტივი პროცესი. თუმცა, მისი თქმით, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ალიანსი ამას მტკიცედ დაიცავს.
“საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი და მესამე მხარეს ვეტოს უფლება არ აქვს ამ გადაწყვეტილებაზე. საქართველო აქტიურადაა ჩართული ნატოს სხვადასხვა პროგრამასა და მისიაში და ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ რეფორმები გააგრძელოს და ორგანიზაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. დამიჯერეთ, მე კარგად ვიცი ნატოს სუსტი და ძლიერი მხარეებიც, რადგანაც ამ ორგანიზაციაში 3 წელი ვიმუშავე. სისუსტე ალბათ ისაა, რომ რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა, 28 წევრის თანხმობაა საჭირო, რაც არ არის მარტივი პროცესი. მაგრამ არსებობს ძლიერი მხარეც – თუ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ალიანსი ამას მტკიცედ დაიცავს”, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
იან კელის განცხადებით, საქართველოს მეგობრებს კარგად ახსოვთ 2008 წელი, როდესაც ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში რუსეთის აგრესია განხორციელდა. ამიტომაც არ სურთ ქვეყნის კიდევ ერთხელ რისკის ქვეშ დაყენება.
“ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რაც გვაქვს – რეალობა კი ისაა, რომ საქართველოს საერთო საზღვარი აქვს თავის ჩრდილოელ მეზობელთან. მე არ მინდა ვისაუბრო მთელი ნატოს სახელით, მაგრამ აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი და ამ მიზნის პრაქტიკული რეალიზებისათვის ბევრს ვაკეთებთ, როგორც აქ ადგილზე, ისე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისასაც”,- აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები