თურქეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ეთანხმება, მაგრამ გარკვეულ პირობებს აყენებს
თურქეთი მხარს უჭერს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, მაგრამ ქურთი „ბოევიკების“ წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების ჩატარების უფლებას იმ შემთხვევაში იტოვებს, თუ ისინი თურქეთს თავს დაესხმებიან.
„იმედი გვაქვს, რომ ქურთების „დემოკრატიული კავშირი“ 27 თებერვლის შემდეგ თურქეთს თავს აღარ დაესხმება. ჩვენ, ბუნებრივია, საკუთარი ტერიტორიის დაცვის უფლება გვაქვს“, – განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ნუმან კურტულმუშმა.
გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლება შიშობს, რომ რუსული ავიაცია სირიის ოპოზიციის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემდეგაც გააგრძელებს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ რუსეთი და სირია, ასევე „ისლამური სახელმიფო“ და სირიელი ქურთები თურქეთის საზღვართან „ტერორის სარტყლის“ შექმნის მცდლობაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ ანკარა „ისლამური სახელმიფოს“ და სირიელი ქურთების მონაწილეობით თურქეთის სამხრეთ ნაწილში ტერორისტული სტრუქტურის შექმნას არ დაუშვებს.