სასამართლომ ზურაბ ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდა

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია „იბერიის“ საქმესთან დაკავშირებით, სადაც პროკურატურა ყოფილი გენერალური პროკურორის, ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ყოფილი გენერალური პროკურორის, ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, ხოლო მისი იმჟამინდელი მოადგილის, ბრალდებულ გიორგი ლაცაბიძის მიმართ – გირაოს (20 000 ლარის ოდენობით) გამოყენების თაობაზე. წარდგენილი ბრალის თანახმად, ზ. ადეიშვილმა და გ. ლაცაბიძემ ჩაიდინეს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2004 წლის 28 ოქტომბერს მოქმედი რედაქციით).
საქმე ეხება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, 2004 წელს, ”ომეგა ჯგუფის” კუთვნილი ტელეკომპანია ”იბერია-TV”-ის სამაუწყებლო ლიცენზიის ხელში ჩაგდების მიზნით განხორციელებულ ქმედებებს, რომელსაც ბრალდებულები ხელმძღვანელობდნენ. სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო განმარტავს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი), ისე ფორმალური (საპროცესო) სამართლებრივი საფუძველები, რომელთაგანაც ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად გარკვეული ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლების არსებობისა, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საპროცესო საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა გ.ლაცაბიძის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რადგან იგი არ ეყრდნობოდა კონკრეტულ ფაქტებს. ბრალდებულ ზ.ადეიშვილთან მიმართებაში, დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა სამ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებზედაც აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხელახალი პატიმრობის გამოყენების ფორმალური საფუძვლები. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 11 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები