„საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში კიდევ უფრო ღრმავდება“

„საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში კიდევ უფრო ღრმავდება“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა.
შეხვედრაზე, დონალდ ტუსკმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროცესში.
დონალდ ტუსკმა საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა, პროცესის წარმატებული დასასრული კი ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტზეა დამოკიდებული.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. მოკავშირეობის შეთანხმებების გაფორმებასთან და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით.
დონალდ ტუსკმა საქართველოს ასევე მადლობა გადაუხადა, ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს დღეს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები