გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო. ვიზების ლიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირთან თანამშრომლობა იყო პრემიერ-მინისტრისა დონალდ ტუსკის შეხვედრის მთავარი თემები.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება.
საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებასაც შეეხო. ევროპულ საბჭოში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები