“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში გიგი წერეთელი და მიხეილ მაჭავარიანი კონგრესმენ ტედ პოს შეხვდნენ, რომელიც აშშ-ს კონგრესის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ახლად არჩეული თანათავმჯდომარეა.
პარტიის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება, ეკონომიკური საკითხები და საარჩევნო წელთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს; საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-ს კონგრესისა და საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებს შორის უფრო აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას. მათივე ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წევრებმა კონგრესმენს თხოვნით მიმართეს კონგრესის დელეგაციის საქართველოში უფრო აქტიურ ვიზიტებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსათვის ადგილზე ვითარების უფრო უკეთ გაცნობის მიზნით, რაც უფრო ნაყოფიერს გახდის ორი ქვეყნის თანამშრომლობას.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის საკითხსაც, რომელიც კონგრესში უნდა მომზადდეს. გიგი წერეთელმა და მიხეილ მაჭავარიანმა თხოვნით მიმართეს კონგრესმენ პოს აღნიშნულ საკითხში კონგრესმენების მაქსიმალურ ჩართულობასთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელებთან. საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები.
დელეგაციამ მასპინძელ მხარეს წარუდგინა პრეზენტაცია, რის შემდგომაც გაიმართა დისკუსია. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ფონდს საარჩევნო საკითხებში აქტიური ჩართულობისთვის და თანმშრომლობისთვის, რომელიც აქვს როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან და მზადყოფნა გამოთქვა მომავალი თანამშრომლობისათვის.
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 145-მდე ქვეყანაში მუშაობას და დახმარებას უწევს ქვეყნებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები