ეგვიპტე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ხორცპროდუქტების იმპორტით დაინტერესდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის საამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეგვიპტის სოფლის მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს ვეტერინარული მომსახურების გენერალური ორგანიზაციიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები სტუმრობენ.
შეხვედრები სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან გაიმართა. ეგვიპტის დელეგაციის ვიზიტის მიზანს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოდან ცოცხალი საქონლის და ხორცპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით შესაბამისი ვეტერინარული პროცედურების შეთანხმება და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაცნობაა.
ეგვიპტის დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგებთან ერთად მოინახულეს საქართველოში მოქმედი სასაკლაოები, რომლებიც ჰალალის წესით ახორციელებენ ცხოველთა დაკვლას და დაათვალიერეს მეფრინველეობის ფაბრიკები.
ეგვიპტის დელეგაცია ასევე გაეცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამედროვე, დიაგნოსტიკურ მეთოდებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის მიხეილ სოხაძის განცხადებით, არაბული ქვეყნების დაინტერესება საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ხორცპროდუქტების იმპორტით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა და საქართველოს, როგორც კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯმა.
უცხოური დელეგაციის შემადგენლობაში ეგვიპტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული კარანტინის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორი, დოქტორი საიდ გადელმავლა, ცხოველთა ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტის ვიცე-დეკანი, პროფესორი მუმტაზ შაჰინი და ვეტერინარიის ექსპერტი, დოქტორი ჰიაეკდინ ჰუსეინ აბდელმაგედი შედიან.
დელეგაციაში ეგვიპტური ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც არიან.