სახალხო დამცველი თოფაძის განცხადებაზე: აღნიშნული შეიცავს სტიგმას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატის გოგი თოფაძის მიერ სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
უჩა ნანუაშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადება შეიცავს სტიგმას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.
“საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2016 წლის 3 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატის გოგი თოფაძის მიერ სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას, რომელიც შეიცავს სტიგმას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი დამოკიდებულება საზოგადოებაში მყარად არის გამჯდარი.
ბევრი მათგანი იზოლირებული და გარიყულია სოციუმიდან, რის გამოც ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი, ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის დროს. ამ ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ცნობილი სახეების მხრიდან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც კიდევ უფრო ამძლავრებენ არსებულ სტერეოტიპებს და ხელს უწყობენ არასწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას“, -აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები