ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ბაზას ხსნის
ავიაკომპანია „ვიზეარი” ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარს“ შორის გაფორმდა.
ოფიციალური ინფორმაციით, წარმატებით დასრულებული მრავალწლიანი მოლაპარაკების შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ მუდმივად განათავსებს ერთ თვითმფრინავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
კომპანია მსოფლიოს მასშტაბით სულ 23 ბაზას ფლობს, 24-ე ბაზა უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება. ეს იქნება რეგიონში „ვიზეარის“ პირველი ბაზა.
უნგრული ავაიაკომპანია „ვიზეარი“ 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო ბაზირების შედეგად ქუთაისი გახდება რეგიონში პირველი აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზირებით, რაც ხელს შეუწყობს მგზავრთა ნაკადის ზრდასა და ახალი მიმართულებების განვითარებას.
2016 წლის 19 თებერვალს დაგეგმილია ავიაკომპანია „ვიზეარის“ დირექტორის, ჯოზეფ ვარადის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში მოხდება ბაზისა და სამომავლო გეგმების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.
ავიაკომანია „ვიზეარის“ ფლოტი მოიცავს „ეარბას A320“ და „A321“ ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს.
2015 წელს ავიაკომპანია „ვიზეარმა“ გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი. კომპანიის პერსონალი 2,600 მაღალკვალიფიციურ კადრს მოიცავს. ამავე წელს „ვიზეარი“ მიღწეული წარმატებისთვის მსოფლიოს ტრანსპორტის ჟურნალის მიერ მოწინავე ავიაკომპანიად აღიარეს. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფლობს და ოპერირებას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად განახლდა 2012 წელს და წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზეა ორიენტირებული.