რაში ეთანხმება და არ ეთანხმება პრეზიდენტს ეკა ბესელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა პოზიტიურად შეაფასა, თუმცა განაცხადა, რომ არის რაღაც საკითხები, რაზეც მას განსხვავებული ხედვა აქვს.
როგორც ტელეკომპანია „tv პირველის“ პირდაპირ ეთერში დეპუტატმა განაცხადა, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონზე პრეზიდენტი პარლამენტს სულ ტყუილად საყვედურობს, რადგან, ბესელიას თქმით, მან საკანონდებლო ორგანოს გაუგებარი მოდელი შესთავაზა.
„ბევრ რამეში დავეთანხმე და ბევრ რამეს აბსოლუტურად ვიზიარებ, თუმცა არის რაღაც საკითხები, რაზეც განსხვავებული ხედვა მაქვს. პრეზიდენტმა ახსენა რამდენიმე კანონი, რომელსაც ვეტო დაადო და ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამ გადაწყვეტილებას, მან გაიხსენა ასევე ფარული საგამოძიებო ქმედებები. სულ ტყუილად საყვედურობს პარლამენტს. მან მაშინ გამოაგზავნა ისეთი ფორმულირებით და ისეთი მოდელი შენიშვნების, რომ ვერ იპოვა ვერცერთი თანამოაზრე პარლამენტში, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობიდანაც“, რომლებიც ჩვენ არ გვეთანხმებოდნენ და არ ჰქონდათ ის პოზიცია, რაც ჩვენ გვქონდა, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებშიც ვერ იპოვა თანამოაზრეები. ვერავინ დაითანხმა, ისეთი მოდელი შესთავაზა პარლამენტს, სრულიად წარმოუდგენელი, ამიტომ სულ ტყუილად ფიქრობს, რომ მისი პოზიცია იყო სწორი და პარლამენტის – არა. მე ამაში არ ვეთანხმები“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მან აქვე დასძინა, რომ, ზემოთ ხსენებული საკითხების გარდა, პრეზიდენტმა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გაახმოვანა, რისი დაცვას საჭიროა.
„დღეს მან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გაახმოვანა. სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, „გაზპრომთან“ დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებთან, მასმედიის თავისუფლებაზე, თვალთვალზე – ეს ის იდეებია, ის სტანდარტები და ფასეულობებია, რომელიც არ არის სადავო. ამ ყველაფრის დაცვა საჭიროა და ჩვენ არ გვაქვს რაიმე სადებატო მასთან. დღეს ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო, როდესაც მან პოლიტიკური პატიმრების უფლებები ახსენა და მათი გათავისუფლება 2012 წელს იყო მნიშვნელოვანი, საჭირო და ღირებული. ამ ფრაზის გაჟღერება მისი მხრიდან, ვფიქრობ, იყო აქტუალური, თუმცა იქვე გაჩნდა კითხვა, კი პრეზიდენტი სწორად აფასებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ როდესაც მის მიერ დანიშნული შეწყალების კომისის ყოფილი ხელმძღვანელი საუბრობს ამ პროცესზე ნეგატიურად და საუბრობს შეურაცხყოფილად, იქვე უნდა ჰქონდეს მას განმარტება, როდესაც აქებს ამ ადამიანს“,- დასძინა ბესელიამ.