„ჰააგას არა აქვს ბერკეტები, რომ რუსეთი, როგორც მხარე, აიძულოს, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს“
2008 წლის ომის გამოძიებაში, რომელსაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო აწარმოებს, რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, რუსეთს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ხელმოსაჭიდი გააჩნია. მისი თქმით, რუსეთს თავის დროზე ხელი არ მოუწერია შესაბამისი დოკუმენტისთვის, რომელიც დამავალდებულებელი იქნებოდა რუსეთისთვის, ხელი შეუწყოს ჰააგის ტრიბუნალის მიერ წამოწყებულ გამოძიებას.
არეშიძის განცხადებით, ჰააგას არა აქვს ბერკეტები, რომ რუსეთი, როგორც მხარე, აიძულოს, ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მას გარკვეული ბერკეტები მაინც გააჩნია.
„რუსეთს აქვს ხელმოსაჭიდი, მას თავის დროზე ხელი არ მოუწერია შესაბამისი დოკუმენტისთვის, რომელიც დამავალდებულებელი იქნებოდა რუსეთისთვის, ხელი შეუწყოს ჰააგის ტრიბუნალის მიერ წამოწყებულ გამოძიებას.
აქედან გამომდინარე, ჰააგის ტრიბუნალსაც არა აქვს ბერკეტები, რომ რუსეთი, როგორც მხარე, აიძულოს, ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ჰააგის ტრიბუნალს მეორე ბერკეტი აქვს. მას შეუძლია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე სამართლებრივი პროცედურები დაიწყოს.
თუნდაც იმ ადამიანებზე, ვინც ამ ომის წარმოებში მონაწილეობდნენ და მათი რაიმე დანაშაული იკვეთება, ესენი არიან რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის კონკრეტული პირები, ასევე სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელი კონკრეტული პირები. ჰააგის ტრიბუნალის შესაბამისი ვერდიქტის გამოტანის შემდეგ მათ მოსკოვში არავინ დააპატიმრებს, მაგრამ ამით მაქსიმალურად შეეზღუდებათ გადაადგილება, პოლიტიკური და ბიზნესაქტივობა…. ხოლო მთელი მსოფლიოსთვის ეს კონკრეტული პირები სამხედრო დამნაშავეები იქნებიან“, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.