მამუკა არეშიძემ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა, კენჭი გარდაბნის მაჟორიტარად იყაროს

ექსპერტმა მამუკა არეშიძემ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა, კენჭი გარდაბნის მაჟორიტარად იყაროს,- როგორც ექსპერტმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, იქნება თუ არა არეშიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, საბოლოოდ გაზაფხულზე გადაწყდება.
ექსპერტმა ჟურნალისტებთან გარდაბნის რაიონში კენჭისყრის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში აღნიშნული რაიონის როლზეც ისაუბრა.
„როდესაც შემომთავაზეს გარდაბნის გამგებლის პოსტზე მეყარა კენჭი,დავთანხმდი, ოღონდ მქონდა ასეთი პირობა, რომ თუ, ვთქვათ, ამაში მივიღებდი მონაწილეობას, ჩემთვის მოსახერხებელი იქნებოდა, რომ ამას გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრა მიბმოდა. ამაზე მითხრეს, რომ 6-7 თვით ვერ აირჩევდნენ გამგებელს, რაც აბსოლუტურად ლოგიკური იყო მათი მხრიდან.
მოლაპარაკებას აწარმოებდა ირაკლი კობახიძე და ითქვა ასეთი რამ, რომ დაგვენებებინა თავი ამ საქმისთვის და მაჟორიტარობაზე გვეფიქრა. გაზაფხულზე გადაწყდება, ჩავერთვები თუ არა არჩევნებში. ჩემთვის გარდაბნის რაიონში კენჭისყრას მნიშვნელობა აქვს. მე ვთვლი, რომ თავის დროზე არჩევნები იქ გამიყალბეს. წაგებულ მაჟორიტარებს შორის ძალიან მაღალი – 43 პროცენტი ავიღე, აქედან გამომდინარე, შანსი დიდია. გარდა ამისა, ამ რაიონის მიმართ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ვთვლი, რომ საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი საკვანძო, რესურსებით ძალიან მდიდარი საზღვრისპირა რაიონია, როგორც ხალხის, ისე ბუნებრივი რესურსებით და მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები