ეკა ბესელია: რუსეთის გადაწყვეტილების მიუხედავად, აგვისტოს ომის გამოძიება არ შეჩერდება

უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებაში არ ჩაერთვება, პროცესს ვერ შეაფერხებს.
როგორც ბესელია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება არ შეჩერდება.
“მიუხედავად იმისა, რუსეთის მხარეს აქვს თუ არა ამ პროცესში ჩართვის სურვილი და იქნება თუ არა თანამშრომლობის მოსურნე, ეს პროცესს არ დააბრკოლებს. ყოველ შემთხვევაში, ამის გამო, არ შეჩერდება გამოძიება და იმედი გვაქვს, ის ობიექტურად დაადგენს, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლება მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC) 27 იანვარს მიიღო.
დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. რუსული სააგენტოების ცნობით, განცხადება ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში გაკეთდა. უწყებაში განმარტეს, რომ რუსეთს არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუტი და, შესაბამისად, ის ძალაშიც არ შესულა. რუსეთმა რომის სტატუტს ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა დოკუმენტის რატიფიცირება დღემდე არ მოუხდენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები