„საკმარისია, თუ პრეზიდენტის შემდეგ ფრაქციის ხელმძღვანელები გამოვლენ, სხვა შემთხვევაში ეს წყლის ნაყვა იქნება“
„დღეს ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, რა ფორმატით წარდგება პარლამენტის წინაშე პრეზიდენტი“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, არ არის აუცილებელი გამოსვლა დებატების ფორმატში შედგეს, მისი თქმით, საკმარისი იქნება, თუ მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ სიტყვით ფრაქციის თავმჯდომარეები გამოვლენ და თავიანთი ფრაქციის პოზიციას ისინი დააფიქსირებენ.
„პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება აქვს, მოვიდეს. ვნახოთ, რაზე ისაუბრებს, შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, მისი მსჯელობის შეფასება. ვფიქრობ, საკმარისი იქნება, თუ მისი გამოსვლის შემდეგ ფრაქციის ხელმძღვანელები გამოვლენ და თავიანთი ფრაქციის პოზიციას ისინი დააფიქსირებენ. სხვა შემთხვევაში ეს უინტერესო გახდება და წყლის ნაყვა იქნება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლაზე პრემიერის დასწრების საკითხს, მისი თქმით, ტრაგედია არც ის იყო, როცა ირაკლი ღარიბაშვილი ვერ ან არ ახერხებდა დასწრებოდა და არც ეს არის აჟიოტაჟის ასატეხი, რომ დღეს მოქმედი პრემიერი ესწრება. „პრემიერმა ამისთვის გამონახა დრო და ესწრება, თუ უფრო საჭირბოროტო საქმეებით არ იქნებიან მინისტრები დაკავებულები, ისინიც დაესწრებიან“,- აღნიშნა ქანთარიამ.