თეა წულუკიანი: სასამართლო ვერ იქნება ერთი კაცის მიერ მართული სამინისტროსავით

ჩვენ გვჭირდება არა კარგი მინისტრი, რომელიც არ გააკონტროლებს სასამართლოს, არამედ ინსტიტუციურად გამყარებული მოსამართლე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – “სასამართლო დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები” შეკრებილ მოსამართლეებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს და გახდეს კანონი.
“რეფორმის მესამე ტალღა ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს და გახდეს კანონი. უკან ნაბიჯი და ამ რეფორმის გატანა პარლამენტიდან არ მოხდება, ამიტომაც მაინტერესებს, რას ფიქრობთ რეფორმით გათვალისწინებულ საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპებზე. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ მოსამართლეთა შერჩევის წესები, გავაძლიეროთ ინდივიდუალური მოსამართლეები ისე, რომ სასამართლოები არ იყოს მართული სამინისტროებივით, რადგან სასამართლო ვერ იქნება ერთი კაცის მიერ მართული სამინისტროსავით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, ყველა მინისტრის ცვლილების მიუხედავად, მოსამართლეები დამოუკიდბლები უნდა იყვნენ.
“მომავალში მე არ მინდა განმეორდეს მსგავსი საქმეები. არ მინდა მინისტრის ცვლილებით ისევ მოხვდეთ ისეთ სიტუაციაში, როცა არ იქნებით დამოუკიდებელი. ჩვენ გვჭირდება არა კარგი მინისტრი, რომელიც არ გააკონტროლებს სასამართლოს, არამედ ინსტიტუციურად გამყარებული მოსამართლე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები