თეა წულუკიანი: ვუჯერებ ევროპარლამენტს და პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იმსახურა მოსამართლედ, გაუქმდება
„ევროსტრუქტურები და თქვენ ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე უკან ვიხევ ამ ერთ ნაწილში, ვუჯერებ ევროპარლამენტს, ვენეციის კომისიას და პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იმსახურა მოსამართლედ, გაუქმდება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – “სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები” სიტყვით გამოსვლაზე განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მხოლოდ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიხევს უკან, მაგრამ სხვა ნაწილებში მართლმსაჯულების რეფორმა უნდა განხორციელდეს.
“ვენეციის კომისიას, თქვენ, ევროპარლამენტს გაქვთ ერთი პოზიცია, მე მაქვს სხვა პოზიცია, ეს ეხება გამოსაცდელი პერიოდის გაუქმებას. მე არ მომწონს, გაუქმდეს პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იყო მოსამართლე და ავტომატურად გადაინიშნონ ხელახლა მოსამართლეებად. მაგრამ ჩემი ეს პოზიცია არ მოგწონთ თქვენ, ვენეციის კომისიას და სულ ახლახან ევროპარლამენტმა თქვა, რომ არ არის სწორი. გამოდის, რომ ევროსტრუქტურები და თქვენ ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე უკან ვიხევ ამ ერთ ნაწილში, ვუჯერებ ევროპარლამენტს, ვენეციის კომისიას, მაგრამ სხვა ნაწილებში რეფორმა უნდა განხორციელდეს, აქ უკან დახევა არცერთი ნაბიჯით არ იქნება”, – განაცხადა წულუკიანმა.