გიორგი კვერენჩხილაძე: პრეზიდენტის შეფასებები სახელმწიფოში არსებულ ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე ზეწოლად ვერ ჩაითვლება
პრეზიდენტის შეფასებები სახელმწიფოში არსებულ ნებისმიერ აქტუალურ და სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით ვერანაირად ვერ ჩაითვლება სასამართლოზე ზეწოლად, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ მოსამართლეთა კორპუსის მიერ პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე სერიოზულად ვერ ისაუბრებს.
“ამ ფაქტთან დაკავშირებით საუბარი, ვფიქრობ, არასერიოზულია. იურისტები რაღაც ეფემერული, ილუზორული, მოჩვენებითი არგუმენტებით არ უნდა საუბრობდნენ. ეს ცოტა უხერხულია. პრეზიდენტი გახლავთ სახელმწიფოს მეთაური, იგი არის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, კონსტიტუციურ ორგანოთა ფუნქციონირების გარანტი. შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასებები სახელმწიფოში არსებულ ნებისმიერ აქტუალურ და სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით ვერანაირად ვერ ჩაითვლება ზეწოლად. მაშინ იგივე საკანონმდებლო ნორმა შეგვიძლია ჩავთვალოთ ზეწოლად, იგივე საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ჩავთვალოთ ზეწოლად. სტრასბურგის გადაწყვეტილებები შეგვიძლია ჩავთვალოთ ზეწოლად. ამიტომ ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართვას, რომლის მიხედვითაც მარგველაშვილმა მოსამართლეებს მის მიერ კონსტიტუციაში ჩახედვისკენ მოუწოდა, კვერენჩხილაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადებას საფუძველი ჰქონდა.
“ამ განცხადების გაკეთებას აქვს თავისი სწორი საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რა ინტერპრეტაციებიც ისმის იგივე კონსტიტუციასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ეს დროული და რელევანტური შეფასება იყო სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან”, – აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლითაც საზოგადოებას, ხელისუფლებას და სამოქალაქო სექტორს მიმართა. მიმართვაში მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მათ წინააღმდეგ ბოლო პერიოდში დაწყებული საპროტესტო კამპანია დაგმეს და განაცხადეს, რომ თუკი მათდამი “სიძულვილის თესვა” დროულად არ აღიკვეთება, მართლმსაჯულების სისტემას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. ამასთან, მოსამართლეთა კონფერენციამ ცალკეული მაღალჩინოსნები სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა, რომელთა შორისაც საქართველოს პრეზიდენტიც იყო დასახელებული.