გაამართლა თუ არა ხელისუფლებამ – რას ფიქრობს გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, რეგიონში არსებული ვითარების ფონზე რთულია შეფასება – რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა. ამის შესახებ მან “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ფიქრობს პრეზიდენტი და გაამართლა თუ არა “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. გადაცემის წამყვანმა ყურადღება ლარის კურსსა და ეკონომიკურ ვითარებაზე გაამახვილა.
“გართულებული ეკონომიკური მდგომარეობა არა მარტო გამართლებული ან არგამართლებული ხელისუფლების საკითხია, რეგიონში არის ურთულესი ვითარება, რუსეთისა და უკრაინის ომი, დაძაბულობა თურქეთსა და რუსეთს შორის, საწვავზე ფასების მაქსიმალური ვარდნა, რაც საქართველოზე უშუალოდ არ აისახება, მაგრამ საქართველოს სავაჭრო პარტნიორებზე გავლენას ახდენს, გლობალურად განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალის გადადინება და განვითარებადი ბაზრების ზრდის შესუსტება. ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, რთულ ფონს ქმნის იმისთვის, რომ მე და თქვენ შევაფასოთ, რამდენად ეფექტური ან წარუმატებელი იყო პოლიტიკა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.