უსუფაშვილი აგვისტოს ომზე: მგონია, რომ რთული არ უნდა იყოს ამ ბარბაროსული ამბების ჩამდენი ადამიანების დასჯა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, არსებობს საყურადღებო მასალა და 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავეების დასჯა რთული არ უნდა იყოს.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, პროცესი უკვე გასულია საქართველოს იურისდიქციიდან და მას საერთაშორისო სამართლის და დოკუმენტების საფუძველზე მოქმედი ინსტიტუტები წარმართავენ.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორია მოლოდინი, მე რაც ვნახე, რაც მოვისმინე, რაც წავიკითხე, იმ დღეებში, მათ შორის, ძალიან სერიოზული ანგარიში და თუ ეს ანგარიში ვინმეს არ გაქვთ, აქვე გპირდებით და მოგართმევთ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში რომ იყო, ცხინვალში ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი ფაქტების და მაშინ მოიძიეს სატელიტური ფოტოებიც კი, რა ხდებოდა და როგორი იყო კოსმოსიდან ქართული სოფლების სურათი იმ მომენტში, როდესაც საომარი მოქმედებები შეწყდა და იქ კონტროლი დაამყარა უკვე გარკვეულმა მხარემ და რა დარჩა იმ სოფლებიდან რამდენიმე დღეში.
ანუ როდის მოხდა იქ სოფლების გადაწვა და განადგურება. და იქ ძალიან ბევრი რამეა კიდევ. ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა და ეს არის საყურადღებო მასალა. მე პირადად, მგონია, რომ რთული არ უნდა იყოს ამ ბარბაროსული ამბების ჩამდენი ადამიანების დასჯა.
რაც შეეხება პროცესს, სადაც ახლა ჩვენ ვართ, მინდა ძალიან მკაფიო იყოს ყველასთვის, რომ ეს პროცესი უკვე გასულია საქართველოს იურისდიქციიდან. ამ პროცესს უკვე წარმართავს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე მოქმედი ინსტიტუტები. ამიტომ, ჩვენ, ვინ რა პოზიციაზე ვართ, ვის რა გვინდა და ვის რა არ გვინდა, ამას აქ ნაკლები მნიშვნელობა აქვს.
მე მინდა ვისურვო, რომ ყველა, საქართველოში, მოქალაქეები, ხელისუფლება, პოლიტიკური ძალები მონდომებულნი ვიქნებით იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჭეშმარიტების დადგენას და ამასობაში არ გავაკეთებთ არაფერს, რაც ხელს შეუშლის ან ჭეშმარიტების დადგენას, ან საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესებს. იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ იურისდიქციაა სხვისი, მიმდინარე მოვლენები, კომენტარები და ა.შ. არის ძალიან საფრთხილო ასეთ ვითარებაში. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი ფაქტობრივი მასალაა დასადები ახლა მაგიდაზე, პროკურორის წინ და არა ჩვენი წარმოდგენები და შეხედულებები. და თუ ვინმეს ამაზე ხელი მიუწვდება, ახლაა ეს გასაკეთებელი. დანარჩენი უკვე მათი გადასაწყვეტია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები