თინათინ ხიდაშელი: რუსეთი ცდილობს, საქართველოს რაღაც ისეთი დააბრალოს, რაც არ ხდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი ცდილობს საქართველოს რაღაც ისეთი დააბრალოს, რაც არ ხდება – ამ სიტყვებით გამოეხმაურა თინათინ ხიდაშელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს ტოქშოუ “ვექტორში” ჩართვისას.
როგორც “კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თინათინ ხიდაშელმა პანკისში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ რეგიონში სრული სიმშვიდეა, ადამიანები ცხოვრობენ ისეთივე ცხოვრებით, როგორც საქართველოს სხვა დანარჩენ რეგიონებში.
“არავითარი პრობლემა პანკისში არ არსებობს. ჩვენ წინასწარი ინფორმაცია გვქონდა, რომ ასეთი განცხადება იგეგმებოდა და სწორედ ამიტომ მოვაწყეთ ჟურნალისტებისთვის ტური პანკისში, რათა თქვენს კოლეგებს საკუთარი თვალით ენახათ, რომ პანკისის ხეობაში აბსოლუტური სიმშვიდეა. ადამიანები ცხოვრობენ ზუსტად იმავე ცხოვრებით, პრობლემებით, რაც დანარჩენ საქართველოს აქვს; იმავე სიხარულით, რაც დანარჩენ საქართველოს აქვს. არაფერი განსაკუთრებული იქ არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული მდგომარეობა, როდესაც თითის გამოშვერის რეჟიმში რუსეთი ცდილობს, საქართველოს რაღაც ისეთი დააბრალოს, რაც არ ხდება. ამიტომ არანაირ საფრთხეს ჩვენ არ ველოდებით. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებებს არ ვგეგმავთ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან”, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტოქშოუში პირდაპირი ჩართვისას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციების მზადყონაზეც ისაუბრა და სოჭის ოლიმპიადის პერიოდი გაიხსენა:
“ნებისმიერი ასეთი ინიციატივა შესაძლებელია სწორედ იმ ფორმატში, რაც სოჭის ოლიმპიადის დროს იყო. ეს არ იყო რუსულ-ქართული, ეს იყო საერთაშორისო ცენტრი, საერთაშორისო ინიციატივა. მხოლოდ ასეთი საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში ვხედავთ ჩვენს ჩვენ შესაძლებლობას პარტნიორებთან ერთად”.
გადაცემის მსვლელობისას ყურადღება რუსულ საინფორმაციო პროპაგანდაზეც გამახვილდა.
როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რუსული პროპაგანდა ძალიან სერიოზული გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ისევე აღმოსავლეთ ევროპისა და მთლიანად ცივილიზებული სამყაროსთვის.
“ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თემა, საზრუნავი, საფიქრალი და პრობლემა. როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს ფარგლებში მიმდინარეობს ძალიან აქტიური და ქმედითი მუშაობა ამ პროპაგანდისტული მანქანის გასაჩერებლად. ჩვენც ამ სისტემის ნაწილი ვართ, რომელიც დღეს იქმნება. საქართველო მთელი ამ პროცესის სრულფასოვანი თანამონაწილეა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ევროპა ამ ინსტრუმენტს შექმნის, რომელიც საქართველოშიც ისეთივე წარმატებით იმუშავებს, როგორც პოლონეთში ან საფრანგეთში”, – განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები