„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველა ინსტრუმენტი აქვს წევრობისთვის მოსამზადებლად”

2015 წლის დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ საქართველო გაცილებით უფრო მაღალ სტატუსშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როცა მაპი ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ნატო-საქართველოს ინტენსიური ურთიერთობებისა და ვარშავის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, მაპი არ არის საქართველოს ამოცანა, მაპი უკვე გავლილი ეტაპია.
„საქართველოს დღეს გაცილებით უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვს. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ საქართველო გაცილებით უფრო მაღალ სტატუსშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როცა მაპი ჩვენი მთავარი ამოცანა იყო.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ნატომ ერთი თვის წინ უთხრა, რომ მას აქვს ყველა ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ასეთი განცხადება არცერთი ქვეყნის მიმართ არ გაკეთებულა. ჩვენი მთავარი ამოცანა ვარშავის სამიტზე არის ის, რომ ვარშავიდან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის სისტემა ინსტრუმენტალურ დონეზე გაცილებით უფრო ძლიერი გამოვიდეს, ვიდრე იყო მანამდე. უფრო უკეთესად იყოს ჩვენი ქვეყანა დაცული, ვიდრე მანამდე,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს ურთიერთობები ინტენსიურ ფაზაში შევიდა.
„ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, რომელიც ბატონი სტოლტენბერგის ჩამოსვლით შემოიფარგლებოდა და სპეციალურად ამ ჩამოსვლას მიეძღვნა. თარიღი ასე დაემთხვა, მაგრამ ამოცანა გრძელვადიანია. წვრთნები და შეფასება, რომელსაც JTEC მოემსახურება, იქნება როგორც ქართველი სამხედრო მოსამსახურეების და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედო შენაერთებისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის და სამხედრო შენაერთებისთვის. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ გაცილებით უფრო მეტ წვრთნას ვნახავთ ჩვენ ქართულ მიწაზე და გაცილებით უფრო მეტი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეს, მათ ტექნიკას. სრულფასოვანი, 21-ე საუკუნის საფრთხეების შესაბამისი წვრთნები ნიშნავს იმას, რომ წვრთნაში მონაწილე ჯარისკაცებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შეიარაღების თანამედროვე შესაძლებლობებთან,“ – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები