ცნობილი ქართველი მხატვარი-კერამიკოსი ალდე კაკაბაძე გარდაიცვალა

83 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის კათედრის ყოფილი პედაგოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი, ქალბატონი ალდე კაკაბაძე გარდაიცვალა.
ალდე კაკაბაძე გამოჩენილი ქართველი საბავშვო მწერლის, მაყვალა მრევლიშვილის ქალიშვილი იყო. 1957 წელს აამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტი, 1963 წელს – ასპირანტურა. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში: კერამიკის საერთაშორისო გამოფენაზე ჟენევაში (1966), საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე ფიეცაში (1970), მსოფლიო გამოფენაზე ვალორისში (1970); წარმატებით მონაწილეობდა კერამიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმზე შიკლოშში, გამოფენაზე მონრეალში (1967), იუგოსლავიაში (1968), საფრანგეთში (1970).
ავტორია ნამუშევრებისა: “ძველებური სიმღერა”, “მიტოვებული სოფელი”, კერამიკული პორტრეტი “კახელი”, მარანი “ორნი”, მარანი “საქართველო”. პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში (1974), მოსკოვში (1977), კოპენჰაგენში (1979), ნანტში (1982), ვლადიმირში (1983).
მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მუზეუმებშია დაცული. ალდე კაკაბაძე სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული იყო სამხატვრო აკადემიის ცხოვრებაში, ეცნობოდა ხელოვნების ამ დარგის უახლოეს ტექნოლოგიებს და თვალ-ყურს ადევნებდა თავისი სტუდენტების წარმატებებს.
ალდე კაკაბაძეს ხუთშაბათს, 4 თებერვალს საბურთალოზე, გამოჩენილ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები