შსს-ს მომსახურების სააგენტო 9 წლის გახდა – ვიდეო

შსს-ს მომსახურების სააგენტოში 9 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები, შს დეპარტამენტის დირექტორები და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სააგენტოს თანამშრომლებს იუბილე მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში სრული მხარადჭერა აღუთქვა. შს მინისტრმა მომსახურების სააგენტოს ექვსი გამორჩეული თანამშრომელი სამკერდე ნიშნით, მადლობის სიგელით და ვადაზე ადრე წოდების მინიჭებით დააჯილდოვა.
მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დავით ნიკოლეიშვილმა პრეზენტაციაზე სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გასულ წელს განხორციელებული პროექტებიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის დანერგვასა და სატრანსპორტო საშუალებების შიდა ტრანზიტის ნომრის გაცემაზე გამახვილდა. სააგენტოს დირექტორმა მოწვეულ სტუმრებს 2016 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტებიც გააცნო.
როგორც სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა გასულ წელს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მომსახურების სააგენტოს მუდმივად გაუმჯობესებული და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მოქალაქე სარგებლობს. მომსახურების სააგენტომ 2015 წელს 1 106 838 ოპერაცია განახორციელა. ჩვენს მომხმარებელს სერვისებისა და ინფორმაციის მიღების გამარტივების მიზნით დისტანციურ მომსახურებასაც ვთავაზობთ; სააგენტოს ინტერნეტ პორტალზე დარეგისტრირებული 138 092 მომხმარებელია, რომლებიც სააგენტოს მიერ შეთავაზებული ელექტრონული სერვისებით სარგებლობენ. მხოლოდ გასულ წელს ონლაინ მომსახურებით 50 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა. გაცილებით მეტია იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით სარგებლობს. სააგენტოს სატელეფონო მომსახურების ცენტრში კი ჩვენმა თანამშრომლებმა 82 ათასზე მეტ ზარს უპასუხეს და მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
საიუბილეო ღონისძიებაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ და „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სოციალური პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს. დავით ნიკოლეიშვილმა და მარიამ ჯაშმა სააგენტოს მეშვეობით ყველაზე დიდი თანხის შემომწირველ მოქალაქეს მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან დაკავშირებული ფოტო და ვიზუალური მასალის გამოფენაც მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები