სურსათის ეროვნული სააგენტო  საგანგებო განცხადებას ავრცელებს 

სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ  უწყება  საქართველოს ტერიტორიაზე  ვირუსული დაავადების – ცხვრის კატარალური ცხელების   (Bluetongue) – არსებობას არ ადასტურებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე თვის დასაწყისში, თბილისის მახლობლად, ერთ-ერთ ფერმაში წვრილფეხა პირუტყვის დაცემის ფაქტი აღინიშნა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ გაატარა ვეტერინარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.
პირველადი ლაბორატორიული კვლევით დაისვა ცხვრის კატარალური ცხელების დიაგნოზი.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ფაქტისა და ლაბორატორიული  კვლევის დიაგნოზის გამო,
აზერბაიჯანში, დღეიდან საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის შეტანა დროებით აიკრძალა, –  ამის შესახებ  აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა   იოლჩუ ჰანველიმ ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნული ინფორმაცია    თავდაპირველად  აზერბაიჯანული მედიამ    (http://m.haqqin.az/news/62359)  გაავრცელა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზი საქართველოში წვრილრქოსან და მსხვილრქოსან პირუტყვს შორის გავრცელებული ვირუსია.
ამ  ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ძალაში საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა.
მოგვიანებით ამ ინფორმაციის საფუძველზე, სოფლის   მეურნეობის  სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს  ტერიტორიაზე ვირუსული დაავადების – ცხვრის კატარალური  ცხელება (Bluetongue)  – არსებობას არ  ადასტურებს.
ამავე განცხადების თანახმად,  საქართველო ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (OIE) წევრი ქვეყნაა.
აღებული ვალდებულებების შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურებმა პირველადი დიაგნოზის შესახებ ოპერატიულად აცნობეს აღნიშნულ ორგანიზაციას.
აღებული ნიმუშები გადაიგზავნა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი) რეფერალურ ლაბორატორიაში – გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არცერთში არ აღმოჩნდა.
აღნიშნულის შესახებ დამატებით ეცნობა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.
სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების კეთილსაიმედოობის მიზნით ახორციელებს ვეტერინარულ ღონისძიებებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ვაქცინაციის და ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესი, რაც ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასა და მიკვლევადობას.
როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს,  ინფორმაცია, რომ   საქართველოს  ტერიტორიაზე ვირუსული დაავადების – ცხვრის კატარალური  ცხელება (Bluetongue )  არ დადასტურდა,  დღესვე, გაეგზავნა აზერბაიჯანულ მხარესაც.
სააგენტოში ვარაუდობენ, რომ  აზერბაიჯანში  საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის შეტანა  უახლოეს პერიოდში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები