ევროკავშირი საქართველოში განხორციელებულ საჯარო ადმინისტრირების რეფორმას დადებითად აფასებს
საქართველო, საჯარო ადმინისტრირების რეფორმის კუთხით რეგიონში ლიდერია, – ამის შესახებ რეგიონულ კონფერენციაზე აღინიშნა, რომელიც სასტუმრო „რედისონში” მიმდინარეობს.
კონფერენცია, რომლის თემაა „საჯარო სამსახურის რეფორმა: საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება და მისი იმპლემენტაცია”, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილს სკოტმა გახსნეს.
კონფერენციაში მონაწილეობენ: საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, USAID-ის კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი დუგლას ბოლი და ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები, კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.
კონფერენციაზე, საქართველოში საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ევროკავშირმა დადებითად შეაფასა.
განსახილველ თემებს შორისაა: საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესის აღწერა, საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების საჭიროება და მისი იმპლემენტაციის პროცესი, ასევე – უცხო ქვეყნების გამოცდილება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები.
კონფერენცია საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებითა და ევროკავშირის, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP), გაეროს განვითარების პროგრამისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით იმართება.