ზურაბ აბაშიძე: იმედია, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება ობიექტურად წარიმართება
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება ობიექტურად წარიმართება. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
“მინისტრმა წულუკიანმა ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დეტალური, კვალიფიცირებული კომენტარი გააკეთა. მინდა შევუერთდე მოლოდინს, რომ ეს პროცესი ობიექტურად წარიმართება და ყველა კითხვას, რაც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს, გაეცემა პასუხი”, – განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლება მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC) მიიღო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ამავე სასამართლოს, 2008 წლის ომამდე და ომის შემდგომ საქართველოში არსებული ვითარების გამოძიების დაწყების თხოვნით, გასული წლის 13 ოქტომბერს მიმართა. პროკურორი უკვე იმყოფებოდა საქართველოში საქმის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მოსაპოვებლად.