ზვიად ზვიადური დავით ქევხიშვილს უპირისპირდება – რა ხდება ძიუდოს ფედერაციაში

პარლამენტის წევრი ზურაბ ზვიადაური სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს მიმართავს და ურჩევს, ძიუდოს ფედერაციას ყურადღება მიაქციოს.
ამასთან, დეპუტატი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ძიუდოში 90-იანი წლები ბრუნდება, – ამის შესახებ ზვიად ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, იგი გუშინ ძიუდოისტებს შეხვდა, სადაც სპორტსმენები ვარჯიშისათვის არასათანადო პირობებზე ესაუბრნენ.
“ყველასთვის გასაკვირი იქნება, რომ მე ამ განცხადებას ვაკეთებ, რადგან ცოტა ხნის წინ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ფედერაციაც საუკეთესოდ დასახელდა, რაც კარგია და ვაღიარებ, რომ ის წარმატებული ფედერაციაა, მაგრამ ფედერაცია წარმატებული იმ ბიჭებით არის, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და მას საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰქვია. მინდა, რომ ვისაც ძიუდოს სამყაროზე გული შესტკივა, ასევე სპორტის სამინისტროს და მინისტრს ვთხოვოთ და მოვთხოვოთ, ყურადღება მიაქციონ და გადახედონ იმას, თუ რა ხდება ძიუდოს სამყაროში. გუშინ ჩემს მეგობრებს შევხვდი, რომლებიც ძიუდოს წამყვანი სპორტსმენები არიან, რომლებიც გვიხარია, რომლებსაც ტაშს ვუკრავთ და რომლებიც ქვეყანას ასახელებენ. სპორტსმენები ვართ და ვიცით, რა სჭირდება სპორტსა და სპორტსმენებს. მათ გვერდზე დგომა და ის ელემენტარული პირობები სჭირდებათ, რაც ჩვენ 90-იან წლებში გვაკლდა. დღეს ვფიქრობ, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა და ბრუნდება, ვინაიდან ამის თაობაზე სპორტსმენების გულისტკივილი მოვისმინე”, – განაცხადა ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე.
დეპუტატი ჟურნალისტებსაც მიმართავს, რათა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა და სპორტსმენებს შორის დამოკიდებლება საჯარო გახადონ.
მისი თქმით, ელემენტარული პირობები, გათბობაც არ არის.
“ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი  გათბობას არ ურთავს იმ ნაკრებს, რომელიც საქართველოში ნომერ პირველი სპორტის ნაკრებია. ყველას ვთხოვ და მოვითხოვ კიდეც, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ, მას დღესვე დაუძახონ და გაარკვიონ, თუ რა ხდება და რატომ არის მსგავსი მდგომარეობა ძიუდოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფედერაცია წარმატებულია, ოღონდ იმ ბიჭებით, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და დღე-ღამეს ასწორებენ, რათა ქვეყანა ასახელონ. სპორსტსმენებმა ვიცით, ის შრომა და წვალება რა არის, რომელსაც დაფასება უნდა. ბიჭები, რომლებიც შეკრებას გადიოდნენ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სახლებში გაუშვა, ოთხი დღე არ დატოვა და მათ უთხრა, რომ სახლებიდან ევლოთ, რაც სწორი დამოკიდებულება არ არის. ბატონო შოთა (ხაბარელი), თქვენ ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყავით და იცით, თითოეული დღე როგორი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოლიმპიური წელია”, – მიმართა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შოთა ხაბარელს ზვიადაურმა.
შოთა ხაბარელის განცხადებით, ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ოლიმპიადა კარსაა მომდგარი და წინ სალიცენზიო შეჯიბრებებია ჩასატარებელი.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები