ჩინეთში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭძიანგის პროვინციის ქალაქ ლიშვეიში „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა. ღონისძიებას, ქართულ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი დაესწრო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის სახლი „სუოლუნ“ კომპანიამ გახსნა და ამ კომპანიის მიერ გახსნილი მეორე ღვინის სახლია ბოლო 7 თვის განმავლობაში.
საზეიმო გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ: ადგილობრივი დისტრიბუტორები, დილერები და მედიის წარმომადგენლები.
„სუოლუნ“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ისიაო ძიუნუმ სტუმრებს ქართული ღვინის პრეზენტაცია წარუდგინა და ჩინეთში „ქართული ღვინის სახლების“ ქსელის მნიშვნელობა გააცნო.
„სუოლუნ“ კომპანია 2016 წლის ბოლომდე გეგმავს 60-80 „ქართული ღვინის სახლის“ გახსნას მთელი ჩინეთის მასშტაბით, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობით წარიმართება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილია ქართული ღვინის სკოლის გახსნა ქალაქ ივუში (Yiwu).
მაია ცქიტიშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა ჭძიანგის პროვინციის ქალაქ ივუში და გაეცნო „სუოლუნ“ კომპანიის სამომავლო გეგმებს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. სააგენტოს წარმომადგენელი ასევე შეხვდა ჭძიანგის პროვინციის ქალაქ ივუს ლოჯისტიკური ცენტრის (Bonded Logistics Center) გენერალურ დირექტორს ქალბატონ კრისტალს, სადაც განხილული იყო ჩინეთის მთავრობის პროექტის ფარგლებში ქართული ღვინისათვის უფასო საწყობით სარგებლობის წინადადება.
55-მილიონიანი ჭძიანგის პროვინციის ქალაქი ივუ ცნობილია, როგორც იმპორტირებული პროდუქტის სავაჭრო ბაზრობა. აქ, მსოფლიოს მასშტაბით თავს იყრის 90 ქვეყნისა და რეგიონის 50,000 ფართო მოხმარების იმპორტირებული პროდუქტი. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით. ჩინეთში, წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის მკვეთრი ზრდის ტემპები წლის ბოლომდე შენარჩუნდა და, 2015 წლის მონაცემებით, 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები