გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

გარდაბანში საარჩევნო უბნები ამომრჩევლისთვის დილის 8:00 საათიდან გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ კენჭისყრასთან დაკავშირებით გამართულ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, საარჩევნო უბნები ამომრჩევლისთვის დილის 8:00 საათიდან გაიხსნა. №30 და №54 უბნებზე კენჭისყრის წინა პროცედურები დადგენილზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ ორივე უბანზე უკვე პირველი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცესი ყველანაირი შეფერხებების გარეშე წარიმართა.
ცესკოს სპიკერმა ბრიფინგის დასრულებისას ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში.
ამას გარდა, კანონით იკრძალება დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
ცესკოს ცნობით, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე, ონლაინჩატი და ონლაინოპერატორი. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიმართონ, მიაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ცენტრალური სააარჩევნო კომისია დღის განმავლობაში მუდმივად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ. 28 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები