გიორგი კვირიკაშვილი: არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია
არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის მიზანია, მაქსიმალურად გახსნილად ვილაპარაკოთ ერთმანეთთან იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება ყველა ჩვენგანს აწუხებდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
“ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრის მიზანია, მაქსიმალურად გახსნილად ვილაპარაკოთ ერთმანეთთან იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება ყველა ჩვენგანს აწუხებდეს. მთლიანობაში, ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მმართველობა საქართველოში, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კი – კიდევ უფრო მაღალი.
რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება მმართველობითი რეფორმა, რომელიც მიმართული იქნება გამჭვირვალობის ზრდისკენ და ასევე, მაქსიმალური ჩართულობისკენ. რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მინდა, რომ ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის არის აქტუალური”, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს.
არასამთავრობო სექტორთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და მას არასამთავრობო ორგანიზაციების 20-მდე წარმომადგენელი ესწრება.