დავით ნარმანია ჟილინას გუბერნატორს შეხვდა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო საპროექტო არქიტექტორულ ორგანიზაციებთან და საბანკო-საფინანსო სექტორების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ჟილინას გუბერნატორთან, იურაი ბლანართან გამართა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც მერთან ერთად საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძეც ესწრებოდა, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე იმსჯელეს, მათ შორის გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი მიმართულება: ტურიზმი და საქართველოში სლოვაკური ინვესტიციების განხორციელება.
დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეები ორ კონკრეტულ სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ორ კონკრეტულ სფეროში თანამშრომლობაზე შევთანხმდით. პირველი ეს არის ტურისტული სექტორი და კონკრეტულად ვისაუბრეთ იმაზე, რომ ტუროპერატორები ჩამოვლენ ადგილზე, რათა დაათვალიერონ ჩვენი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და შეხვდნენ თავიანთ პოტენციურ პარტნიორებს და კოლეგებს, ხოლო მეორე – ეს არის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობა, ვინაიდან არსებობს კონკრეტული პროექტები, რაც ჩვენ დედაქალაქში შეგვიძლია განვახორციელოთ ინვესტორების მონაწილეობით. მათგან მივიღეთ შეთავაზებები და დაველოდებით კონკრეტულ წინადადებებს ამა თუ იმ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.